იმერეთი
ალის დედაღვთისას ეკლესია
ეკლესია (იმერეთი - ხაშურის რაიონი)
ალის დედაღვთისას ეკლესია თარიღდება გვიან ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (9×6.2 მ.), ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვით. ძლიერ დაზიანებულია – საბჯენი თაღი და კონქის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამონგრეულია. გადახურვა ცილინდრული ქონია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ერთი სარკმელი საკურთხეველშია, მეორე – ჩრდილოეთ კედელში. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზის სიგანისაა და მისგან გამოყოფილია პილასტრებზე დაყრდნობილი თაღით.
ალის კვირაცხოვლის ეკლესია
ეკლესია (იმერეთი - ხაშურის რაიონი)
ალის კვირაცხოვლის ეკლესია აშენებულია 1810–20 წლებში. 1977 წელს ადგილობრივ მოსახლეობას შეუკეთებია.
ალის უსანეთის ეკლესია
ეკლესია (იმერეთი - ხაშურის რაიონი)
ალის უსანეთის ეკლესია სტილისტური ნიშნებით თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. ამ ძეგლიდან დასავლეთით რამოდენიმე მეტრში, მდებარეობს ალის ღვთისმშობლის ეკლესია.
ალის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (იმერეთი - ხაშურის რაიონი)
ალის ღვთისმშობლის ეკლესია სტილისტური ნიშნებით თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. ამ ძეგლიდან დასავლეთით რამოდენიმე მეტრში, მდებარეობს ალის უსანეთის ეკლესია.
ბაგრატის ტაძარი
ეკლესია (იმერეთი - ქუთაისი)
ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. ჩრდილოეთ კედლის წარწერის თანახმად, ”ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223” (1003წ.). იგი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოა. მატიანე ქართლისაი მოგვითხრობს, რომ მისი კურთხევის ზეიმისთვის მეფემ ’’შემოიკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი, კათალიკოსნი, მღვდელმოძღვარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღვარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი მამულისა სამეფოსა მისსა მყოფნი და სხუათა ყოველნი სახელმწიფონი”.
ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - წყალტუბოს რაიონი)
ბუნების ძეგლი წარმოადგენს 1700 მ სიგრძისა და 14 000 მ2 ფართობის მღვიმეს, რომელიც გამომუშავებულია მდ. ბღერისწყლის მიერ ქვედაცარცული ასაკის თხელ და საშუალო შრეებრივ კირქვებში. მდინარე თავდაპირევლად დახურულ ხეობას წარმოქმნის და შემდგომ ჩაედინება ვიწრო პონორში. იგი იწყება წვრილმარცვლოვანი ქვიშითა და ზედაპირიდან ჩამორეცხილი ხის ტოტებით ამოვსებული 30 მ - სიგრძისა და 40-50 სმ სიმაღლის ხვრელით, რომელშიც ჩაედინება მდინარე ბღერისწყლის ნაკადები. აქ მას მარჯვნიდან მელოურისა და დიდღელეს მღვიმეებიდან შემოსული მუდმივმოქმედი ნაკადები უერთდება. მდინარე განედურად გადაკვეთს მთელ მღვიმეს და დასავლეთ დაბოლოებაში ნაზვავსა და მცირე სიღრმის სიფონში იკარგება. ბღერის მღვიმეს კარგად ეტყობა ნაკადების ეროზიული ზემოქმედების კვალი.
გელათის სამონასტრო კომპლექსი
მონასტერი (იმერეთი - ქუთაისი)
ცნობას გელათში სამონასტრო კომპლექსის შექმნისა და იქ ტაძრის აგების შესახებ ვხვდებით დავით აღმაშენებლის ანდერძში: `დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად და წამყვა მისთვსაც ტკივილი სამარადისო, აწ შვლმან ჩემმან დიმიტრი სრულ ჰყოს ყოვლითურთ~. სხვა წყაროებიდან კი ვიგებთ, რომ დავითმა 1106 წელს წამოიწყო მშენებლობა. ეს კარგად აქვს გადმოცემული დავით აღმაშენებლის ისტორიკოსსაც. იგი წერს: `მოიგონა აღშენება მონასტრისადა დაამტკიცა რომელიცა გამოირჩია მადლმან საღმრთომან ადგილსა ტოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცა გარდაართხა ტაძარი ყოვლად წმიდისა და უფროსად კურთხეულისა დედისა ღმრთისა~
კაცხის მონასტერი
მონასტერი (იმერეთი - ჭიათურის რაიონი)
კაცხის მონასტერს უდიდესი ისტორია აქვს. ასეთი შესანიშნავი ტაძრის აშენება ამ ადგილზე გვაფიქრებინებს, რომ კაცხი თავის დროზე სამხედრო-სტრატეგიული და საეკლესიო ცენტრი უნდა ყოფილიყო. ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფეოდალურ სახლთა საგვარეულო ეკლესია და საძვალე იყო. ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე. ძირითადი ნაწილის შენება დაწყებულა მას შემდეგ, რაც ბაგრატ III-ის მიერ კლდეკარიდან განდევნილი რატი ბაღვაში „დაჯდა მამულსა თუისსა არგვეთასა“ ე.ი. 899 წლის შემდეგ, X საუკუნის მიწურულს, ხოლო დამთავრებულა ბაგრატის მეფობის ბოლოს – 1010 – 1014 წელს. ეს დასტურდება ტაძრის სამხრეთ-დასავლეთი შესასვლელის ტიმპანიის წარწერითაც: „წმინდაო სამებაო, ადიდე შენს მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა და ქართუელთა მეფე, ტაოსა და რანთა, კახთა და ყოვლის აღმოსავლეთის დიდი კურაპალატი“.
კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი
მონასტერი (იმერეთი - ჭიათურის რაიონი)
სვეტის ძირში გამოკვეთილია ბოლნური ტიპის ჯვარი, რომელიც არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. პარალელები მას ბოლნისსა და სირიაში მოეპოვება. ეკლესია კი აქ ორი-სამი საუკუნის შემდეგ აიგო. კაცხის სვეტის მონასტერი ძლიერ წააგავს თესალიაში (საბერძნეთი) არსებულ მეტეორას მონასტრებს, რომლებიც ამდაგვარ მიუდგომელ კლდეებზეა აშენებული. სიმბოლურად ისინი ცისა და მიწის შემაკავშირებელ ადგილს წარმოადგენენ.
მოწამეთას მონასტერი
მონასტერი (იმერეთი - ქუთაისი)
მოწამეთას ტაძარში, საკურთხევლის მარცხენა მხარეს, დასვენებულია სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადებული წმინდანების - დავითისა და კონსტანტინეს უხრწნელი ნეშტი. მათი ხსენების დღეს, 15 ოქტომბერს, მონასტერში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული მოწამეთობა (ორწიფობა). ტრადიცია ცნობილია XVIII საუკუნიდან.
ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია
მონასტერი (იმერეთი - ხარაგაულის რაიონი)
ნუნისის ღვთისმშობლის ტაძარი — IX- X სს. ეკლესია ნუნისში. ტაძარი მრავალჯერ დანგრეულა და განახლებულა. უკანასკნელად ტაძარი დაანგრია და დაწვა ომარ-ხანმა 1785 წელს, გვიან შემოდგომაზე, ვახანის ციხის აღების შემდეგ. IX ს. 60-იან წლებამდე დანგრეული ტაძრის აღდგენაზე არავის უფიქრია. ტაძარი განახლებულია XI-XIII საუკუნეებში, შემდგომ კიდევ მრავალგზის და ბოლოს 1895 წელს.
სათაფლია
ნაკრძალი (იმერეთი - წყალტუბოს რაიონი)
სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მ. დაარსდა 1935 წელს. ფართობი 330 ჰა. ნარკძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და და ბოტანიკურ ძეგლებს. რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით, რომელსაც ქმნის წიფელი, წაბლი, რცხილა, თელა, ბზა, ძელქვა, მურყანი, ცაცხვი, მუხა, პანტა, მაჟალო და სხვა. ქვეტყე ქმნის გაუვალ რაყას. ბევრია ლიანებიც. ძუძუმწოვრებიდან აქ გავრცელებულია ტურა, კვერნა, მაჩვი, მელა, კურდღელი, ციყვი. იშვიათად შემოდის შველი, ბევრია ფრინველი. ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კარსტრული მღვიმეებით. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.
უბისას სამონასტრო კომპლექსი
მონასტერი (იმერეთი - ხარაგაულის რაიონი)
უბისის ტაძრის მხატვრობამ ქართული ფერწერული სკოლის უნიკალური ნიმუშები შემოგვინახა. ის XIV საუკუნეშია შესრულებული და შ. ამირანაშვილის გამოკვლევებით, მხატვარ დამიანეს ეკუთვნის, ამაზე მეტყველებს ერთ ერთი კომპოზიციის ”საიდუმლო სერობის” ქვედა ნაწილში შემორჩენილი წარწერა. დამიანე თავისი დროის დიდი მხატვარი იყო. მის ხელწერას ეკუთვნის ხობის ბაზილიკის სამხრეთდასავლეთ ნავის კედლებისა და სორის მონასტრის (რაჭა) მოხატულობაც. აკადემიკოს ვ. ბერიძის აზრით კი, ტაძარი დამიანეს მოსწავლეს გერასიმეს მოუხატავს, ხოლო მასწავლებელი იყო შემკვეთი თუ როგორ უნდა მოეხატათ ტაძარი.
Комментариев нет:
Отправить комментарий