კახეთი
ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარი
მონასტერი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
ალავერდის წმ. გიორგის ტაძარში დაკრძალულია მისი დამაარსებელი – წმინდა იოსებ ალავერდელი, ერთ-ერთი ასურელ მამათაგანი. დღემდე ითვლებოდა, რომ წმინდანის ნეშტი ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს იყო დაკრძალული, მაგრამ ეს საფლავი სიმბოლური აღმოჩნდა. სავარაუდოა, რომ XV საუკუნეში (ტაძრის პირველი რესტავრაციის დროს) წმინდანის ნეშტი საგანგებოდ გადამალეს, რათა შემოსევებისა და არეულობის დროს მისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ.
ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
ღირსშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი წარმოდგენილია მდინარე ალაზნის ყურეში 204,4 ჰა ფართობზე ბუნებრივი წარმოშობის ლიანებიანი ჭალის ტყის სახით. აქ უხვადაა მრავალწლოვანი კაკლები, იფნები, მუხები და თელები, ასევე ჭალის ტყისათვის დამახასიათებელი ბუჩქნარი. ე.წ. კაკლის ყურეში 1 კმ-იანი საფეხმავლო მარშრუტის გავლას ერთი საათი სჭირდება. მდებარეობა: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, მდ. ალაზნის მარჯვენა ნაპირი სოფ. ფიროსმანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 165 მეტრი ზღვის დონიდან.
არწივის ხეობის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
ბუნების ძეგლი მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შედის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში. არწივის ხეობა ქ. დედოფლისწყაროდან 2 კმ-ში კირქვიან მასივზეა განლაგებული. აქ საქართველოს ლოკალური ენდემური სახეობის მცენარეები გვხვდება. არწივის ხეობა ასევე გამოირჩევა ფრინველთა საბინადრო გარემოთი. აქ სამოცამდე სახეობის ფრინველის ნახვაა შესაძლებელი, მათ შორის არიან მობუდარი იშვიათი სახეობის ფრინველებიც – შავი ყარყატი და ორბი. არწივის ხეობა იდეალური ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვის (Birdwatching).
ახალი შუამთა (ხახულის ღვთისმშობლი სახელობის დედათა მონასტერი)
მონასტერი (კახეთი - თელავის რაიონი)
ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია; იგი დაბრძანებული ყოფილა ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი (იაგუნდი, ფირუზი, ალმასები და მარგალიტები). ხატს ზურგზე 44 წმიდა ნაწილი აქვს. დღეს ეს ხატი თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახლმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული.
ბაზილიკა
ბაზილიკა (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
მცირე ზომის ბაზილიკა "დამბადებელი". გადმოცემის თანახმად აქ უშვილო ქალები მოდიოდნენ და ღმერთს შესთხოვდნენ შვილის შეძენას.
ბასო (ნასოფლარი)
ნასოფლარი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
კოშკი დგას ნასოფლარის განაპირას სამხრეთით. აშენებულია XVII-XVIII საუკუნეებში. ექვსართულიანია, გეგმით ოთხკუთხა (5.6X5.15 მ), შემორჩენილი სიმაღლე 11.5 მ), ნაგებია ფიქლით, წყობა მშრალია. ყველა სართული I-სა და ბოლოს გარდა, ნაკელნარევი მიწითაა შელესილი. ჩამონგრეულია სახურავი და სართულშუა გადახურვა. I სართულზე შესასვლელი სამხრეთიდანაა. II სართულის სამხრეთ და დასავლეთ კდლებში თითო სარკმელია, ხოლო ჩრდილოეთ კედელში – სათოფური. III სართულის სამხრეთ კედელში მიწიდან 3.5 მ სიმაღლეზე კარია. ამავე სართულზე, დასავლეთ კედელში, სარკმელია, აღმოსავლეთ კედელში – სათოფური, ჩრდილოეთისაში – დიდი ნიში.
ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტერი
მონასტერი (კახეთი - სიღნაღის რაიონი)
წმიდა ნინოს წყარო მონასტრიდან დაახლოებით 3 კმ-ში მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით, ის წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. ამიტომაც ეწოდება წმიდა ნინოს წყარო. ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი განკურნებულა. წყაროსთან აშენებულია წმიდა ნინოს მშობლების - წმიდათა ზაბულონისა და სოსანას სახელობის მცირე ეკლესია.
გარეჯის მონასტერი
მონასტერი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის სერზე. სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი, ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.
გირევი (სეზონური სოფელი)
ნასოფლარი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
სოფელი შედგებოდა შემდეგი გვარებისგან: აზიკური, ხოსიკურიძე, შუარიძე. ასევე, სოფელში ჩამოსული იყვნენ სხვა გვარის მოსახლეები მეზობელი სოფლებიდან (ჰეღო, ჭონთიო, დაქიურთა, ნაკუდურთა, უქა და ბოჭორმა). იგი საბჭოთა პერიოდში დაცარიელდა. სოფლის მოსახლეობის მოთხრობილის თანახმად, ციხეები ბაულელ ქისტ მამა-შვილს აუგიათ. მშვიდობიან პერიოდში ასეთი რამ ხშირად ხდებოდა.
გრემის კომპლექსი
ეკლესია (კახეთი - ყვარლის რაიონი)
გრემის კომპლექსში ფუნქციონირებს გრემ-ნეკრესის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი. ნაკრძალი ტერიტორია მოიცავს XVI ს-ის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს, XVI ს-ის მარანს ქვევრებით და საწნახელით, სავაჭრო და მეფე - დიდებულთა უბნებით, სადაც შემორჩენილია დიდებულთა აბანოს ნაშთები.
გრემის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია
ეკლესია (კახეთი - ყვარლის რაიონი)
გრემის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მშენებლობის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის მისი შესასვლელის თავზე შემორჩენილი სამენოვანი სამშენებლო წარწერა (ქართულ, სომხურ და სპარსულ ენებზე). აი, ქართული წარწერის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი ნაწილი: „მე ფრიად ცოდვილმან მათარსი აღვაშენე კარის ეკლესია ესე ... ჟამსა შინა მეფობასა მისისა პატრონის ალექსანდრესითა, წელსა მეოცდა სამესა ქ~კსა სპა...“ სამივე წარწერაში ერთი შინაარსია, მაგრამ ზუსტ თარგმანს არ წარმოადგენს. ისინი ერთმანეთს ავსებს და მთლიანობაში იძლევა შემდეგ ინფორმაციას: 1595 წელს, ალექსანდრეს მეფობის დროს მათარსი ზაქარიას ძეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი აუგია თავის კარის ეკლესიად. ის აღუმართავს თავისი მეუღლის საფლავზე და შესაწირი უბოძებია მისთვის (სამი კომლი, ვენახი, დუქნები და ა.შ.).
გრემის წმ. ნიკოლოზის ეკლესია
ეკლესია (კახეთი - ყვარლის რაიონი)
გრემის ტერიტორიაზე პირველი დასახლება, სავარაუდოდ, გვიანი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა. თუმცა, მისი, როგორც სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქალაქის ისტორია, XV საუკუნიდან დაიწყო. გვიან ფეოდალურ ხანაში გრემი კახეთის ერთ-ერთი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ცენტრი იყო. 1466 წელს კახეთის სამეფოს დედაქალაქი გახდა. XV საუკუნიდან აქ ამრავლებდნენ ხელნაწერებს; აქვე ლიტერატურულ-კულტურულ მოღვაწეობას ეწეოდნენ დავით მეფე, ქეთევან დედოფალი, თეიმურაზ I და სხვ. ხალხში დღემდე შემორჩენილია გადმოცემა გრემში სამეცნიერო დაწესებულების – აკადემიის არსებობის შესახებ; აქ გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზები.
გურჯაანის ქვაშვეთის ეკლესია
ეკლესია (კახეთი - გურჯაანის რაიონი)
გურჯანის ქვაშვეთის ეკლესიის შესახებ ისტორიული ცნობები მწირია. ეკლესიის დათარიღების საფუძველს იძლევა სამხრეთი შესასვლელის ტიმპანში და გვერდებზე ჩაყოლებული საფლავის ქვები, რომელთაგან ერთ-ერთზე იკითხება: „უ პ“ ანუ 1792 წელი. ბუნებრივია, ეკლესია ამ თარიღიდან სულ ცოტა ათი წლის შემდგომ მაინც უნდა აეშენებინათ. ამას გარდა, აგების პერიოდზე თვით არქიტექტურული თავისებურებანიც მიუთითებს. ამიტომ ვ. ბერიძე მისი აგების პერიოდს XVIII საუკუნის მიწურულს, ანდა XIX საუკუნის დასაწყსს მიაკუთვნებს.
დანო (სანოფლარი)
ნასოფლარი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
XIX საუკუნის ბოლოს სოფელში ცხოვრობდა 40 კომლი, XX საუკუნის 20–იან წლებში ჯერ კიდევ ცხოვრობდა 13 კომლი (მოსახლეობის რაოდენობა 53). სოფელში შემდეგი გვარები ცხოვრობდნენ – თავბერიძე, ალხანაიძე, შახაძე, თათარაიძე, ლუხუმაიძე, ხელაიძე, ხაპრიძე, ომარაიძე. მოგვიანებით საბჭოთა პერიოდში სოფელი ნელ–ნელა სულ დაცარიელდა. ამჟამად ზაფხულში ადიან დანოელები, რომლებიც თავის დროზე კახეთში ჩამოსახლდნენ.
დაქიურთა (ნასოფლარი)
ნასოფლარი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
სოფელი დაცარიელდა 1917 წლის მერე. ამ დრომდე აქ 14-15 კომლი ცხოვრობდა, შემდეგი გვრებისა: მოზაიძე, ხელიძე, ხუტიძე. ზოგი ჩამოვიდა ბარში, თუშეთის მიმდებარე კახურ სოფლებში, ზოგიც – ახლო მდებარე სოფელ გირევში.
დოდოს რქა
მონასტერი (კახეთი - საგარეჯოს რაიონი)
დოდოს რქა — მონასტერი, ფეოდალური სენიორია[საჭიროებს წყაროს მითითებას], ძველ საქართველოში; ქართული ხუროთმოძრვრების მნიშვნელოვანი ძეგლი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში. VI საუკუნის I ნახევარში დააარსა დავით გარეჯელის ერთ-ერთმა მოწაფემ დოდომ. დოდო, ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების ცნობით, დავით გარეჯელის უახლოესი მოწაფე და თანამშრომელი, კახეთის მკვიდრი, გვარად ანდრონიკაშვილი იყო, რომელიც ბერად შედგომის შემდეგ გარეჯელ მამებს შეუერთდა.
ელია თეზბიტელის მონასტერი
მონასტერი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
წმ. ელიას ტაძარი 2006 წელს აშენდა ძველი ტაძრის ნაშთებზე. არქეოლოგიური გათხრები აქ ეკლესიის არსებობას ჯერ კიდევ VI საუკუნეში ადასტურებს. ალექსანდრე დიუმას (მამა), რომელმაც აქ 1859 წელს იმოგზაურა, მოსახლეობისგან ერთი საინტერესო ლეგენდა ჩაუწერია, რომლის მიხედვითაც, აქ წმინდა ელიასთვის ყორანს მოქონდა საჭმელი და სწორედ ამ ადგილიდან ამაღლდა ზეცას, მას შემდეგ, რაც თავისი მოსასხამი მის მოწაფეს, ელისეს დაუტოვა. ელიაობა ქიზიყელების ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია, ის 2 აგვისტოს აღინიშნება და მთის კალთებზე უამრავი ადამიანი იყრის თავს.
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი
ნაკრძალი (კახეთი - )
კომპლექსური ნაკრძალი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისიდან 200 კმ-ში. ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს. საერთო ფართობია 101.43 კვ.კმ, ტყით დაფარულია 40.32 კვ.კმ, დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს. ნაკრძალის ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. გვხვდება მრავალი სახის ფრინველი და ძუძუმწოვარი, მათ შორის გარეული ღორი, მგელი, დათვი და ზოლებიანი აფთარი. ნაკრძალის მიზანია ამჟამად ძალზე შემცირებული ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვა-შემონახვა.
ვაჩნაძიანის კომპლექსი
ისტორიული ძეგლი (კახეთი - გურჯაანის რაიონი)
ღვთისმშობლის გუმბათიანი ტაძრის გარდა, მონასტრის შემოგარენში დაცულია სამეკლესიანი ბაზილიკა და სამონასტრო ნაგებობათა - პალატების ნანგრევები. პალატებში სამონასტრო სკოლა ყოფილა განთავსებული;
ზემო ალვანის სამების ეკლესია
ეკლესია (კახეთი - ახმეტის რაიონი)
გადმოცემით, სამების ეკლესია აშენებულია თუშების მიერ დაახლოებით 1840-45 წლებში წოვათის სოფელ ინდურთიდან ჩამოტანილი “ბერი სანების” ქვით ძველი ეკლესიის ადგილზე.
ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზი
ეკლესია (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
ადგილობრივი გადმოცემა ტაძრის მშენებლობის დაწყებას ერეკლე II-ის მოღვაწეობას უკავშირებს. ერთხელ მაჩხაანზე გაუვლია მეფე ერეკლეს, ამ ადგილას პატარა დანგრეული ეკლესია უნახავს და უბრძანებია ახალი ტაძრის აშენება.
ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზის ეკლესია
ეკლესია (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
ზემო მაჩხაანის მთავარანგელოზის ეკლესია — ეკლესია საქართველოში, კახეთის მხარეში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო მაჩხაანის შუაგულში, გზის პირას. ძეგლს არც წარწერა აქვს და არც ისტორიულ წყაროებში იხსენიება. არქიტექტურული თავისებურების მიხედვით კი XVIII საუკუნის ბოლოს განეკუთვნება.
ზემო ხოდაშენის მონასტერი
მონასტერი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
ზემო ხოდაშენის მონასტერი დაარსებულია XVI საუკუნეში, კახთა მეფე ლევანის (1520–4 წწ) და მისი ძის ალექსანდრე II (574–1605 წწ) მიერ. ხარების ეკლესიის დასავლეთ ფასადზე შემორჩენილი წარწერის მიხედვით ბერაანთ ციხე (მარანი კოშკით) და ეკლესიის დასავლეთის მინაშენი თარიღდება 1760–1784 წლებით. ბერაანთ ციხე აუშენებია ვინმე კოზმანბერს, რომელიც ჩამოსულა “მთაწმინდით ფილოთეოსის მონასტრიდამ ხარებისეკლესიის სოფელ სახოდაშენს ეკლესიასა, რომელიც შეწირულ არს ნეტარად ხსენებული სამეფესა ალექსანდრესა განმამული და ყმა ეკლესიისა”
იყალთოს მონასტერი
მონასტერი (კახეთი - თელავის რაიონი)
სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს.
კვავლოს ნასოფლარი
ნასოფლარი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
XIX საუკუნის ბოლოს სოფელში ცხოვრობდა 36 კომლი, XX საუკუნის 20–იან წლებში ჯერ კიდევ ცხოვრობდა 27 კომლი (მოსახლეობის რაოდენობა 43). სოფელში შემდეგი გვარები ცხოვრობდნენ – თილიძე, გაწირიძე, მიშიძე. მოგვიანებით საბჭოთა პერიოდში სოფელი ნელ–ნელა სულ დაცარიელდა. როგორც სხვა სოფლის მაცხოვრებლები, კვავლოელების ნაწილიც კახეთში გადასახლდა.
კვეტერას ციხე–ქალაქი
ციხე-კოშკი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
კვეტერას (კვეტარის, კუეტერის) ციხე-ქალაქი კახეთის სამთავროს (შემდგომში სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი იყო. მის დაწინაურებას დიდად შეუწყო ხელი ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. წყაროებში პირველად XI საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. კახთა მეფე კვირიკე III-მ (1010-1037 წწ.) კახეთ-ჰერეთის ტერიტორია შვიდ საერისთავოდ დაყო. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო კვეტერის საერისთავო. კვეტერის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე მიუთითებს შემდეგი ფაქტიც: ბაგრატ IV-მ (1027-1072 წწ), რომელმაც 1040-1043 წლებში მთელი კახეთ-ჰერეთი დაიმორჩილა კვეტერის აღება ვერ შეძლო. საქალაქო ცხოვრების კვალი კვეტერაში XIII საუკუნიდან ისპობა და გვიანდელი ხანის საისტორიო წყაროებში იგი აღარ იხსენიება.
მანავის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (კახეთი - საგარეჯოს რაიონი)
მანავის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დავით გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარს ეფთიმის აუშენებია. ამაზე მოგვითხრობდა ვრცელი სამშენებლო წარწერა. იგი დღემდე შემორჩენილი არ არის, თუმცა, გამოქვეყნებულია ლ. მელიქსეთ-ბეგის მიერ. წარწერა ასე იკითხებოდა: „დროსა ... მეფის ირაკლი მეორისას, მოწყალებით ქრისტე ღმრთისად, აღუაშენე დედისა, ღმრთისა შობისა წმინდა ეკლესია მრავალ მთის მონასტრის ... ადგილს შინა, ნათლიმცემლის არხიმანდრიტმან მეფისა ... ქრისტეს აქეთ ჩღ(დ) და ქართულისა ქორონიკონსა უპბ“. არქიმანდრიტი ეფთიმი აქ 1774-1798 წლებში მოღვაწეობდა. ამავე პერიოდში თავსდება მანავის ეკლესიის აგების თარიღიც – 1794 წელი.
მანავის ციხე
ციხე-კოშკი (კახეთი - საგარეჯოს რაიონი)
მანავის ციხე — იყო ფეოდალური კახეთის უკანასკნელი პერიოდის ერთ-ერთი ცენტრი. მანავის ციხეში თავისი რეზიდენცია გადმოაქვს კახეთის მეფეს დავით II (1703-1722).
მანავის ციხე
ციხე-კოშკი (კახეთი - საგარეჯოს რაიონი)
ანავის ციხე ბოლო საუკუნეებში ფეოდალური კახეთის ერთ-ერთი ცენტრთაგანი იყო. ციხე გამორჩეული იყო თავისი სტრატეგიული მნიშვნელობით. ის აღმართული იყო წამოწეულ მთის იმ წვერზე, რომელიც ბატონობს ამ მხარეზე. ხეობა ორივე მიმართულებით კარგად ჩანს, თითქმის, 10-15 კმ-ზე. ვახუშტი ბატონიშვილი განმარტავს: „ჰერეთის მთის ძირს არს მანავი, სადაც აღაშენა სასახლე იმამ-ყული ხან. მთის ძირად.
მელაანის სამების ეკლესია
ეკლესია (კახეთი - გურჯაანის რაიონი)
მელაანის სამების ეკლესიის შესახებ ისტორიული ცნობები თითქმის არ მოიპოვება. ძეგლზე არაა არც დამათარიღებელი წარწერა. თუმცაღა, იგი იმდენად ახლოს დგას გურჯაანის ქვაშვეთის გადაწყვეტასთან, რომ ამავე პერიოდს – XVIII – XIX საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს.
მირზაანის ალავერდის ეკლესია
ეკლესია (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
მირზაანის ალავერდის IX-X ს.ს. ეკლესია.
მონასტერი „პატარა ქვაბები“
მონასტერი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
მწარე ხევში არის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი - პატარა ქვაბები, რომელიც დავით გარეჯის გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსს მიეკუთვნება. საინტერესოა ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვები: "არამედ ყოფილან მონასტერნი მრავალნი ვიდრე მწარე წყლამდე". ის მიუთითებს, რომ მწარე წყლის ხეობა, ფაქტობრივად, საზღვრავდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საზღვრებს.
ნაკუდურთას ნასოფლარი
ნასოფლარი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
ნაკუდურთას სოფელი დაცარიელდა 1917 წლის მერე. დაცარიელებამდე 3 კომლი ცხოვრობდა, ქელეხიძეს გვარის. ზოგი ჩამოვიდა ბარში, თუშეთის მიმდებარე კახურ სოფლებში, ზოგიც - ახლო მდებარე სოფელ გირევში.
ნეკრესის მონასტერი
მონასტერი (კახეთი - ყვარლის რაიონი)
ნეკრესი — ისტორიული ქალაქი კახეთში, მდებარეობს ახლანდელ ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფ. შილდის მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოებაზე.
ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი
მონასტერი (კახეთი - საგარეჯოს რაიონი)
საკურთეველში შემონახულია XVII საუკუნის ღვთისმშობლის ფრესკა მთავარანგელოზებთან ერთად და მოციქულთა ფრესკები. ეკლესიის კედკებზე შემორჩენილია ხუცური და ლათინური წარწერები.ტაძრის ეზო გარშემორტყმულია XVIII საუკუნის კოშკებიანი გალავნით. ეზოში XVI საუკუნის მაღალი სამრეკლოა. XVIII საუკუნეში ეპისკოპოსმა საბა ტუსიშვილმა სამრეკლოს მიაშენა ორსართულიანი საეპისკოპოსო სახლი, სადაც ამჟამად განვითარებულია საეპისკოპოსო რეზიდენცია და წმინდა ნინოს დედათა მონასტერი
ოზაანის ამაღლების ტაძარი
ეკლესია (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
XI – XII საუკუნეების ჯვარგუმბათოვანი ტაძარი სოფ. ოზაანთან. ტაძარი მდებარეობს ტყით დაფარული ქვაბულის შუაგულში. დაზიანების მიუხედავად ჯერ კიდევ არის შემორჩენილი კედლის მხატვრობა. გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ კედელზე იყო თამარ მეფის ფრესკა, თუმცა სამწუხაროდ ფრესკამ ჩვენ დრომდე ვერ მოაღწია.
პანკისის ციხე (თორღვას ციხე)
ისტორიული ძეგლი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
პანკისის ციხე განვითარებულ შუა საუკუნეებში, პანკისის საერისთავოს ცენტრი იყო, რომელიც კახეთის მეფე კვირიკე III დიდმა (1010–1037წწ)–მ დაარსა. სავარაუდოდ თვითონ პანკისის ციხე უფრო ადრე უნდა იყოს აგებული. ციხე 1040 წელს ბაგრატ IV–მ კახეთში ლაშქრობის დროს აიღო და პანკელი ერისთავი სტეფანოზ ვარჯანის ძეც შეიპყრო. პანკისის ციხე შემდგომშიც იყო ცენტრალურ ხელისუფლებასა და კახეთ–ჰერეთის მეფეებს შორის წარმოებული ომების ერთ–ერთი ცენტრი. აქედან ებრძოდა ბაგრატ IV კახეთ–ჰერეთის მეფე აღარსთან I-ს. XIII საუკუნის 40–იან წლებში პანკისის ციხეში დიდი სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა პანკისის ერისთავმა თორღვა პანკელმა. მეფე დავით VII ულუს ურდოში ყოფნის დროს, თორღვამ თავი კახეთის სრულუფლებიან გამგებლად გამოაცხადა და პანკისის ციხეში გამაგრდა. იგი არც დავითის დაბრუნების შემდეგ ეახლა მეფეს და ციხე უფრო გაამაგრა.
საპიკნიკე - „ხიხვის” ვენახი
სხვადასხვა (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
სახოხბის საპირისპირო მხარეს საპიკნიკეა მოწყობილი, რომელიც უიშვიათესი კახური ჯიშის - „ხიხვის” ვენახს და არწივის ხეობას გადაჰყურებს. „ხიხვი“ ადგილობრივი (ალაზნის კერის), მცირედ გავრცელებული სტანდარტული ვაზის ჯიშია. იძლევა მაღალი ხარისხის სუფრის მშრალ ღვინოსა და სადესერტო-ლიქიორულ ღვინოს.
სახოხბე
ნაკრძალი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
სახოხბე ყოღოთოს ხეობაში მდებარეობს. ის ა/ო „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ“ დააარსა კავკასიის ბუნების ფონდის (IUCN) დახმარებით და მისი მიზანია კოლხური ხოხბის გენოფონდის შექმნა ვოლიერულ პირობებში, ხოლო შემდგომ ეტაპზე მათი ბუნებაში გაშვება. ევროპაში გავრცელებულ ხოხობთა წინაპრად კოლხური ხოხობი ითვლება. ლეგენდის მიხედვით ხოხობი არგონავტებმა გაიყვანეს კოლხეთიდან და ამის შემდეგ გავრცელდა იგი მთელ ევროპაში. ბერძნებმა მას დაარქვეს "ფაზიანოსი" (ლათ. Phasianus colchicus; Phasis – მდ. რიონის ძვ. სახელწოდებიდან).
ტახტი-თეფა
ბუნების ძეგლი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
ტახტი-თეფას ტალახის ვულკანები - ეს ვულკანისმაგვარი წარმონაქმნები მდ. იორის მარჯვენა მხარეს, დედოფლისწყაროს სამხრეთით მდებარეობს. მას ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და წარმოადგენს „კრატერების“ ჯგუფს, საიდანაც მუდმივად გადმოდის წყლის, ნავთობის, ტალახისა და აირების ნაზავი.
უჯარმის ციხე–ქალაქი
ციხე-კოშკი (კახეთი - საგარეჯოს რაიონი)
სპარსელებთან ერთ–ერთი ბრძოლაში მიყენებული ჭრილობის შედეგად უჯარმის ციხე–ქალაქში 502 წელს გარდაიცვალა ვახტანგ მეფე: „თვით აღესრულა ლომი იგი ლომთაი და გოლიათი გოლიათთაი“. უჯარმის ციხე-ქალაქისათვის ადგილის ბრწყინვალე შერჩევა და მისი საერთო კომპოზიცია, ნაგებობათა დიადი, სადა, ხალისიანი ფორმები, არქიტექტურული ფორმებისა და დეტალების ნახატის დახვეწილი გემოვნება და მშენებლობის სრულყოფილი ტექნიკა საფუძველს იძლევა უჯარმა საქართველოს ციხე-სიმაგრეთა მშენებლობის საუკეთესო და უაღრესად თავისებურ ძეგლად.
ფარსმას ნასოფლარი
ნასოფლარი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
ფარსმაში შემდეგი გვარის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ: ქააძეები, თორღვაიძეები და სულაკაურები. ამათგან ქააძეები ძირითად ნაწილს წარმოადგენდნენ. სავარაუდოდ, ”ერთმანეთთან ახლომდებარე სამი ციხე-სახლი” ქააძეების უნდა იყოს, რადგან ისინი რამდენიმე კოშკში ერთად ცხოვრობდნენ, რომლებიც მინაშენებით იყო გადაბმული (დღეს ეს მინაშენები აღარ არსებობს). თვითონ ამ შენობებს “გადაბმულ სახლებს” უწოდებდნენ. გ. ბოჭორიძეს მოხსენიებული აქვს რამდენიმე ციხე – სასოფლო, ქააძეების, ცაზიკების, ჰაშიანების და ალუდას, მაგრამ არანაირი დაზუსტება არ მოყავს იმის შესახებ, თუ რომელი სად მდებარეობს და ვის ეკუთვნის.
ფიროსმანის მუზეუმი
მუზეუმი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
მუზეუმი წარმოადგენს ცნობილი ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანის) (1862-1918) მემორიალურ კომპლექსს, რომელშიც შედის მხატვრის საცხოვრებელი სახლი და საგამოფენო დარბაზი, რომელშიც ექსპონირებულია ფიროსმანის 14 ორიგინალი, მისი პირადი ნივთები, XX ს-ის ქართველ მხატვართა ნამუშევრები, ხელნაწერები და სხვა (10 000 ექსპონატი). სამუშაო საათები: მუშაობს ყოველ დღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 17 სთ-მდე. www.heritagesites.ge
ფორე მოსულიშვილის სახლ–მუზეუმი
მუზეუმი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო მაჩხაანში მდებარეობს ფორე მოსულიშვილის სახლ-მუზეუმი. ფორე(ქრისტეფორე) მოსულიშვილი დაიბადა 1916 წლის 20 ივლისს, გმირულად დაიღუპა 1944 წლის 3 დეკემბერს, იტალიის სოფ. ლესაში (ნოვარა) გერმანელ ფაშისტებთან შეტაკების დროს. დასაფლავებულია ქ. არონაში, ჩრდილოეთ იტალია, ქართველი, ოქროს მედლის „მხედრული მამაცობისათვის“ კავალერი, იტალიის ეროვნული გმირი (1970), საბჭოთა კავშირის გმირი (1990).
ქილაკუპრა
ბუნების ძეგლი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
ქილაკუპრა ყაჯირის ველზე არსებული უცნაური ბორცვია, რომელზეც უამრავი ტალახის ვულკანის კრატერია მოთავსებული. აქედან მოჩანს ვრცელი ველი, სადაც არც თუ ისე შორეულ წარსულში მარილიანი ტბა ყოფილა, ახლა კი ის საძოვრად ქცეულა.
ყარაღაჯის ციხე-სიმაგრე
ციხე-კოშკი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
ყარაღაჯის ციხე-სიმაგრე მდებარეობს სოფელ ყარაღაჯის ჩრდილო აღმოსავლეთით 1.5 კმ-ში.
ყვარელწყალის სვეტების კომპლექსი
ეკლესია (კახეთი - ახმეტის რაიონი)
ყვარელწყალის სვეტების კომპლექსის თავდაპირველი სახელწოდება, ისევე როგორც სოფლის მიდამოების ძველი ტოპონიმიკა, არ შემორჩენილა. როგორც ჩანს, ხეობის ძველი მოსახლეობა გვიანი შუასაუკუნეების განუწყვეტელი ომიანობის (შაჰ-აბასის ლაშქრობები, ლეკიანობა) შედეგად გადაშენდა და მასთან ერთად დაიკარგა ტოპონიმიკაც. სოფელ ყვარელწყლის ამჟამინდელი მცხოვრებნი XIX საუკუნეში ჩამოსახლებულ ფშაველთა შთამომავლები არიან. ახალმოსახლე ფშავლებს მაღალი, კოშკის მსგავსი საცხოვრებლები აუგიათ, რის გამოც თავდაპირველად ამ სოფელს „კოშკებს“ უწოდებდნენ. მეორეს მხრივ საყურადღებოა, რომ ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე დღევანდელი ყვარელწყლის ადგილზე აღნიშნულია სოფელი ყორწყალი
შიხიანის ტაძარი
ეკლესია (კახეთი - ყვარლის რაიონი)
შიხიანის ტაძარი ამჟამად განმარტოებით დგას, მის გარშემო ჩანს ნასახლარის კვალი. ადრე ამ ადგილას ყოფილა სოფელი შიხიანი, ხოლო ბოლო დროს მას შერჩენია ეკლესიის სახელი `აღდგომა~. რადგან აქ ჭაობიანი, ციებიანი ადგილი ყოფილა მოსახლეობა აყრილა და ენისელს შეერთებია. ამ სოფელს შიხიანი რქმევია, გადმოცემით იცოდა სოფელ ენისელისა და სოფელ გრემის ზოგიერთმა მცხოვრებმა. ეს დასტურდება ეკლესიის კედელზე არსებული წარწერით. ქართულ ისტორიულ წყაროებში შიხიანი არსად არ არის მოხსენიებული, მხოლოდ რამდენჯერმე ის იხსენიება XVI საუკუნის ბოლოს რუსი ელჩების ნაწერებში
ჩაილურის (ნიახურას) ციხე
ციხე-კოშკი (კახეთი - საგარეჯოს რაიონი)
ჩაილურის ციხეს ხალხი ნიახურას ციხეს უწოდებს. ეს ციხე იყო ერთ-ერთი სამხედრო თავდაცვითი ციხე-სიმაგრე, რომელიც აშენებულია შუა საუკუნეებში, სავარაუდოდ XVI საუკუნეში. იგი კეტავდა სტრატეგიულ შემოსასვლელს მთელი ივრის ხეობაში და მანავის ციხესთან ერთად წარმოადგენდა თბილისისაკენ მიმავალი მტრისთვის გზის ჩამკეტ თავდაცვით ნაგებობას. ძეგლი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ციხის მიდამოებში გაიმართა დამოუკიდებელი საქართველოს უკანასკნელი ომის სახელით ისტორიაში შესული ბრძოლა.
ჩიღოს ნასოფლარი
ნასოფლარი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
XX საუკუნის 20–იან წლებში ჯერ კიდევ ცხოვრობდა 32 კომლი (მოსახლეობის რაოდენობა 147). სოფლის მოსახლე პირველი გვარი ოჩოიძე ყოფილა. ესენი გაიყვნენ ბაკურიძედ და აქიმიძედ. საწყისი გვარი შემდგომ აღარ იხმარებოდა. ჩიღოში ასევე იყვნენ ელანიძეები, მათი შეკედლებული (ხარით შეყრილი) შტო – მეშველიძე; მარხვაიძეები – შტო ტალიურიძე; ბექურიძეები, შტო – ხელაიძე.
ცხრაკარას მონასტერი
მონასტერი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
ცხრაკარას მონასტრის მთავარი ნაგებობა ბაზილიკა, აშენებულია V საუკუნის შუა წლებში. იგი გეგმით სწორკუთხაა (10X8,7 მ), ნაგებია რიყის ქვითა და მცირე ზომის ნატეხი ქვით. კონსტრუქციულად საპასუხისმგებლო ნაწილები გამოყვანილია მოყვითალო ფერის შირიმით. სამხრეთი ნავი მთავარი ნავისაგან ყრუ კედლით იყო გამიჯნული და მას მხოლოდ ერთი შესასვლელით უკავშირდებოდა
ცხრაკარას სასახლის კომპლექსი
ისტორიული ძეგლი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
XVI საუკუნის ერთი სამეფო სასახლეთაგანია ლევან კახთა მეფის (1520 – 1574 წწ) სასახლე, ე.წ. ცხრაკარა. იგი მდებარეობს სოფლების ქვემო და ზემო ალვანებს შორის, ალაზნის ველის ზემოთ. იქვე მახლობლადაა იოანე ნათლისმცემლის ბაზილიკა, რომელშიაც ლევან მეფისა და თინათინ დედოფლის ძლიერ დაზიანებული პორტრეტებია გადარჩენილი. ბროსე გაკვრით იხსენებს ამ სასახლეს – „დიდი და ლამაზი დარბაზი, ფრიად მტკიცედ ნაშენი“ – და სანაღაროს უწოდებს მას. მოკლედ იხსენიება იგი დ. ალბანელის წერილშიაც, ხოლო ძეგლის აღწერა, გეგმა და განაკვეთები გამოაქვეყნა გ. ჩუბინაშვილმა.
ძველი შუამთა
მონასტერი (კახეთი - თელავის რაიონი)
ქართული მართლმადიდებლური მონასტერი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე. სამონასტრო კომპლექსში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუში საქართველოში; VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, თუმცა უფრო პატარა (შემცირებულია აფსიდებისა და ბემების სიღრმე, გუმბათის ყელის მნიშვნელობა გაზრდილია, ტრომპების კონსტრუქცია ნათლად არის გამოვლენილი).
წინანდლის-ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
სახლმუზეუმი (კახეთი - თელავის რაიონი)
ალექსანდრე ჭავჭავაძის სიცოცხლეში წინანდლის სასახლე იყო კულტურული კერა სადაც იკრიბებოდნენ ქართველი, რუსი პოეტები და ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადრენლები. აქ იკრიბებოდნენ 1832 წლის შეთქმულებიც რომელთა შორის ალექსანდრე ჭავჭავაძეც იყო, იგი გადაასახლეს და 1837 წელს გაათავისუფლეს. წინანდლის პარკს ნაგებობათა და სანერგის ჩათვლით 12 ჰექტარი უჭირავს მერქანიანი ნარგავების 400 სახეობიდან 150-ზე მეტი ეგზოტიკურია.
წმ. გიორგის ეკლესია
ეკლესია (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
სოფ. ზემო მაჩხაანის წმ. გიორგის ეკლესია
წმ. კვირიკეს ეკლესია
ეკლესია (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესია. გვიანი შუა საუკუნეების.
წმიდა სერაფიმე საროველის სახელობის ეკლესია
ეკლესია (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში წმიდა სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარი, რომელიც სერიოზულად იყო დაზიანებული 2012 წლის 1 აგვისტოს გაიხსნა. ეკლესია მე–19 საუკუნეშია აშენებული და სერაფიმე საროველის სახელობის ერთადერთი ტაძარია საქართველოში. მეოცე საუკუნის დასაწყისის (სავარაუდოდ 1903-1905 წლები) ჯვარგუმბათოვანი ტაძარი სოფ. სამრეკლოს განაპირას. იგი რუსული არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ფორმებით გამოირჩევა. არსებობს მოსაზრება, რომ წმ. სერაფიმ საროველის სახელზე აგებული პირველი ტაძარია მსოფლიოში.
წმინდა ნინოს წყარო
წყარო (კახეთი - სიღნაღის რაიონი)
წმიდა ნინოს წყარო მონასტრიდან დაახლოებით 3 კმ-ში მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით, ის წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. ამიტომაც ეწოდება წმიდა ნინოს წყარო. ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი განკურნებულა. წყაროსთან აშენებულია წმიდა ნინოს მშობლების - წმიდათა ზაბულონისა და სოსანას სახელობის მცირე ეკლესია.
ჭაჭუნას აღკვეთილი
ნაკრძალი (კახეთი - )
აღკვეთილი ტუგაის ტიპის ჭალის ტყის დასაცავად შეიქმნა და ის ჭალის ტყის გარდა ბედლენდებსაც მოიცავს. ეს ერთ-ერთია არც ისე ბევრი ადგილიდან საქართველოში, სადაც დურაჯის ნახვაა შესაძლებელი. ჭალის ტყე, წყალსაცავი და ბედლენდები ყველა პირობას ქმნის იმისათვის რომ აქ ფრინველთა დიდი მრავალფეროვნება არსებობდეს.
ჭონთიო (ნასოფლარი)
ნასოფლარი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
სოფლის მოსახლეობა დაცარიელებამდე 25 კომლს მოიცავდა და ძირითადად, შემდეგი გვარებისგან შედგებოდა: იუკურები (იუკურიძე), ითიურები (ითიურიძე). ჯერ სოფლის მოსახლეობა გირევში გადავიდა, შემდგომ უმეტესობა კახეთში ჩამოვიდა. სოფელს ორი დღეობა ჰქონდა: “მადოლობა”, რომელსაც მკათათვის (კათათვის) დასრულებისას ზეიმობდნენ და იოანე ნათლისმცემლის სახელობის იყო. ხოლო მეორე – “თურსიეხობა,” აღდგომიდან 2 თვის თავზე იმართემოდა.
ხირსის მონასტერი
მონასტერი (კახეთი - სიღნაღის რაიონი)
მდებარეობს სიღნაღის რაიონის სოფ. ტიბაანში, სიღნაღიდან აღმოსავლეთით 11 კმ-ის დაშორებით. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ღირსმა ასურელმა მამამ სტეფანემ (552-557 წ.წ.), რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებენ. ტაძარი კაპიტალურად შეკეთებულა 1822 წელს. ხირსის მონასტრიდან შესანისნავი ხედი იშლება ალაზნის ველზე და კავკასიონზე.
ხორნაბუჯის ციხე–სიმაგრე
ციხე-კოშკი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
მდებარეობს ქ. დედოფლისწყაროდან ჩრდილოეთით, 5 კმ-ში, სადაც დასახლება უხსოვარი დროიდან არსებობდა. მეფე ვახტანგ გორგასალმა V საუკუნეში საეპისკოპოსო კათედრალი დაარსა და საუფლისწულო მამულად გამოაცხადა. საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის წარმოქმნის (XI საუკუნის დასაწყისი) შემდეგ ხორნაბუჯი ქვეყნის განაპირა მხარის საერისთავოს ცენტრად გადაიქცა, სადაც მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები გადიოდა, ამ ყველაფერმა კი ის სტრატეგიულ, კულტურულ და სამხედრო ცენტრად აქცია.
ჰეღო
ნასოფლარი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
ნასოფლარი , XIX საუკუნეში სოფელი გამოიყენებოდა ავადმყოფების გასახიზნად ანუ ავადმყოფების სხვა სოფლებიდან მოსაშორებლად. თქმულების თანახმად, ცხრაკარიდან ადამიანების ქცევით უკმაყოფილო იოანე ნათლისმცემელი თუშეთის სოფელ ჰეღოში გაქცეულა. (ადამიანები მას თურმე ღორსა და ქათამს სწირავდნენ). XX საუკუნის ნახევრებამდე ჰეღოში სხვა დღესასწაულების გვერდით აღინიშნებოდა ნათლისმცემლის დღეობაც და მას თუშები, როგორც ერთ-ერთ ძლიერ და მკაცრ ხატს, ისე იცნობდნენ. ამ რaმდენიმე ათეული წლის წინ, როცა ჰეღო და საერთოდ თუშეთი დაიცალა მოსახლეობისგან, რამდენიმე ადამიანმა ითავა ჰეღოს ნათლისმცემლის ნიშის ბარად ჩამოტანა და ცხრაკარას ტერიტორიაზე მისი აღმართვა, რომელსაც დღეს ჰეღოს ნათლისმცემლის სახელით მოიხსენიებენ.
ჰეღო (ნასოფლარი)
ნასოფლარი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
ჰეღო იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ეზოს გადაღმა ტყის პირას აღმართული ხატია. თქმულების თანახმად, ცხრაკარიდან ადამიანების ქცევით უკმაყოფილო იოანე ნათლისმცემელი თუშეთის სოფელ ჰეღოში გაქცეულა. (ადამიანები მას თურმე ღორსა და ქათამს სწირავდნენ). XX საუკუნის ნახევრებამდე ჰეღოში სხვა დღესასწაულების გვერდით აღინიშნებოდა ნათლისმცემლის დღეობაც და მას თუშები, როგორც ერთ-ერთ ძლიერ და მკაცრ ხატს, ისე იცნობდნენ. ამ რaმდენიმე ათეული წლის წინ, როცა ჰეღო და საერთოდ თუშეთი დაიცალა მოსახლეობისგან, რამდენიმე ადამიანმა ითავა ჰეღოს ნათლისმცემლის ნიშის ბარად ჩამოტანა და ცხრაკარას ტერიტორიაზე მისი აღმართვა, რომელსაც დღეს ჰეღოს ნათლისმცემლის სახელით მოიხსენიებენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий