თბილისი
აბო თბილელის სახელობის ეკლესია
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
1996 წელს, 17 მარტს, ჯვრის თაყვანისცემის დიდი დღესასწაულზე მეტეხის კლდის ძირში, ახალი ხიდის მიმდებარედ იკურთხა წმიდა აბო თბილელის ტაძრის საძირკველი. წმ. აბო თბილელის მომავალი ტაძარი წარმოადგენს მცირე ზომის ორნავიანი ტიპის ბაზილიკას (დაახლ. 5x7). ორივე ნავის გადახურვა ცალფერდაა. ტაძარი კლდეს უერთდება და ბუნებრივად გადაიზრდება მასში. ტაძარი შენდება დიდი კვადრებით, კირის დუღაბით.
ათეშგა – მაზდეანური სამლოცველო
არაქრისტ. სალოცავი (თბილისი - თბილისი)
თბილისის კლდისუბანში ზედა ბეთლემის ეკლესიის სამრეკლოს სიახლოვეს შემაღლებულ ადგილზე დგას აგურით ნაშენი ოთხკუთხა შენობა, ჩამონგრეული გადახურვით, რომლისგანაც კამარის მცირე ნაწილია დარჩენილი. ისტორიკოსთა ცნობით, აქ უძველესი დროიდან „მაზდეანური“ - ცეცხლთაყვანისმცემლური საკერპე – ათეშგა მდგარა. საგულისხმოა, რომ იგი როგორც უძველესი ძეგლი, შემოუნახავთ ქართველ მეფეებს. ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის ამ უნიკალურ ძეგლს საფუძვლიანი კონსერვაცია – რესტავრაცია აქვს ჩატარებული.
ანჩისხატის ტაძარი
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
გადმოცემით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტაძარი – ყოვლადწმიდა მარიამის ეკლესია (ანუ დღევანდელი ანჩისხატი) ერთადერთი იყო თბილისში, რომელსაც არაბთა ბატონობის დროს ზარების რეკვის უფლება ჰქონდა შენარჩუნებული. ამის გამო ძველად მას „ზარის საყდარსაც“ უწოდებდნენ.
ბეთანიის მონასტერი
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
გადმოცემით, თავიდან მონასტრის აშენება მდინარის გადაღმა ერთ მაღალ მთაზე ჰქონდათ განზრახული, მაგრამ როდესაც სამშენებლო მასალები აზიდეს მთაზე, მეორე დღეს აღარ დახვედრიათ. დიდი ძებნის შემდეგ, მასალები მდინარე ვერეს ხეობაში ერთად დაწყობილი იპოვეს. ეს სასწაული ღვთის განგებას მიაწერეს და გადაწყვიტეს ზუსტად ამ ადგილას აეშენებინათ ტაძარი. არის მოსაზრება, რომ ამ ადგილას ზაფხულობით, თამარ მეფე ჩამოდიოდა დასასვენებლად.
ზემო ბეთლემის ეკლესია
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
ზემო ბეთლემის (თავდაპირველად ბეთლემი, შემდეგ ფეთხაინი) მაცხოვრის შობის ტაძარი XVIII-XIX სს. სახით არის მოღწეული. 1884 წ. ეკლესია კაპიტალურად შეაკეთეს, განაახლეს ფასადი და აღმართეს ახალი გუმბათი. საბჭოთა პერიოდში ეკლესია არ მოქმედებდა. 1994 წ. გადავიდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფლობელობაში და მაცხოვრის შობის სახელზე ეკურთხა.
თბილისის "ჯვარის მამის" მონასტერი
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
ჯვარის მამა“ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის სახელწოდებაა. ამავე სახელითაა ცნობილი გუმბათოვანი, აგურით ნაშენი ეკლესია თბილისში. ამ ადგილას ჯერ კიდევ V საუკუნეში იდგა ტაძარი. ეს ძველი ეკლესია, პ. იოსელიანის მითითებით, XIV საუკუნის ბოლოს თემურ-ლენგმა დაანგრია. არსებული ნაგებობა კი XVI საუკუნით არის დათარიღებული
თბილისის დიდი სინაგოგა
არაქრისტ. სალოცავი (თბილისი - თბილისი)
მოქმედი სინაგოგა თბილისში, რომელიც 1910 წელსაა აგებული მდებარეობს თუმანიანისა და ლესელიძის ქუჩებს შორის. ქართველ და ებრაელ ერს ერთმანეთთან 26 საუკუნოვანი მჭიდრო კულტურული ურთიერთობა აკავშირებს. თბილისში ებრაელები ქალაქის დაარსებიდანვე სახლობდნენ. XII საუკუნეში, იუდეველთა და მათი რწმენისადმი პატივისცემის ნიშნად, მეფე დავით აღმაშენებლის ბრძანებით ამ უბანში ღორის დაკვლა აკრძალული იყო.
თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტერი
მონასტერი (თბილისი - თბილისი)
XVIII ს. 70-იან წლებში ერეკლე II-ის მეუღლეს დარეჯან დედოფალს ავლაბრის ტერიტორიაზე, ძველი ციხის ნანგრევებზე, სასახლე და კარის ეკლესია აუგია. დარეჯან დედოფლის სასახლეს „დარეჯანის სასახლეს“ (საჩინოს) უწოდებდნენ. დარეჯან დედოფლის პეტერბურგში გადასახლების შემდეგ ეგზარქოსმა თეოფილაქტემ აქ გამართა სასულიერო სემინარია და სამრევლო სკოლები. მიტროპოლიტმა იონამ 1824 წელს ტაძარი აკურთხა მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე და დაარსა მამათა მონასტერი. 1991 წლიდან ეკლესია საქართველოს საპატრიარქოს გამგებლობაში გადავიდა და დაარსდა დედათა მონასტერი.
თიფლის ჯუმა მეჩეთი
არაქრისტ. სალოცავი (თბილისი - თბილისი)
1723-35 წლებში ოსმალებმა, რომლებსაც იმხანად თბილისი ეკავათ, ნარიყალას ძირში სუნიტური მეჩეთი ააშენეს. 1740-იან წლებში ეს მეჩეთი სპარსელებმა დაანგრიეს. 1846-51 წლებში ის აღადგინეს არქიტექტორ სკუდიერის პროექტით, მაგრამ XIX საუკუნის ბოლოს ეს შენობაც დაანგრიეს და მის ადგილას ახალი ააშენეს, რომელიც ამჟამად თბილისის ერთადერთი მოქმედი მეჩეთია. აქ ლოცულობენ როგორც სუნიტები, ისე შიიტები.
კათოლიკური ეკლესია
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
თბილისში კათოლიკურ ეკლესიას საძირკელი ჩაეყარა 1804 წელს კაპუცინთა მისიის ხელმძღვანელობით. 1808 წლისათვის მცირე ზომის, კოხტა და ნათელი ტაძარი საზეიმოდ ეკურთხა.1814 წელს ტაძრის ტერიტორიას გალავანიც შემოარტყეს. ამ დროისთვის აქ უკვე მოქმედებდა სკოლა და მცირე ოთახი ავადმყოფებისთვის. 1937 წელს ტაძარი ბოლშევიკურ რეპრესიებს შეეწირა. 1999 წლის 15 აგისტოს პაპის პირადმა წარმოგზავნილმა არქიეპისკოპოსმა ჯოვანი ბატისტა რემ აკურთხა წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკური კათედრალური ეკლესია.
კოჯრის ციხე
ციხე-კოშკი (თბილისი - თბილისი)
კოჯრის ციხის შესახებ მრავალი საინტერესო გადმოცემაა შემონახული. ერთ-ერთი გადმოცემით კოჯრის ციხეში იყო შეხიზნული ლეგენდარული გმირი ქოროღლი. ზეპირი გადმოცემის მიხედვით, კოჯრის ციხეს თავს აფარებდა გმირი ქალი თინა წავკისელი.
მეტეხის ტაძარი
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
მეტეხის ტაძარი - გვხვდება XII საუკუნის ისტორიულ წყაროებში, როდესაც ხაზართაგან დანგრეული ძველი ტაძრის ნაცვლად, ღვთისმშობლის შობის სახელობის ახალი ტაძარი ააგეს. XIII საუკუნეში რუსუდანის მეფობისას მონღოლებს კიდევ ერთხელ დაუნგრევიათ ტაძარი. 1661 წელს მეფე ვახტანგ V შაჰნავაზმა ტაძარი შეაკეთა, მაგრამ თოფის წამლის საწყობად აქცია. 1979 წლიდან მასში მოქმედებდა და სპექტაკლებს მართავდა ახალგაზრდული დრამატული თეატრ-სტუდია, ე.წ. "მეტეხის თეატრი". 1988 წლის მაისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ტაძარს ახალი ჯვარი დაადგეს და წირვა-ლოცვა განაახლეს.
მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
გადმოცემის მიხედვით, მეტეხის ტაძარშია დაკრძალულია წმ. შუშანიკ წამებულის ნეშტი, რომელიც სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით ცურტავიდან გადმოუსვენებიათ. ასევე, გადმოცემის მიხედვით, მეტეხის კლდე აბოს წამების ადგილი უნდა ყოფილიყო (VIII ს.), რომელიც თბილისის მფარველი წმინდანია. მცირე ეკლესია მის სახელზე ამჟამად მშენებლობის პროცესშია კლდის ძირთან.
სიონის საკათედრო ტაძარი
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
სახელი სიონი იერუსალიმში არსებული წმინდა მთის სახელწოდებიდან მომდინარეობს. იგი ებრაული სიტყვაა და მზიანს ნიშნავს. საქართველოში სიონის სახელწოდების მრავალი ტაძარი არსებობს და ყველა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მათგან განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი. სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი პროტოპრესვიტერად იწოდება.
წმინდა სამების საკათედრო ტაძარი
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
სამების ტაძრისთვის საძირკველი 1995 წლის 23 ნოემბერს ჩაიყარა არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით. ტაძარი 2004 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა. სასულიერო პირებმა ტაძრის საძირკველში ჩააყოლეს წმიდა ადგილებიდან ჩამოტანილი სიწმინდეები. სამების საკათედრო ლავრის სიმაღლე მიწიდან ჯვრის ძირამდე 77 მ. ჯვრის სიმაღლე კი 7.5 მ. მიწის ქვემოთ საძირკვლამდე სიღრმე 13 მ. ტაძრის სიგრძე - 70 მ, სიგანე - 64 მ. ტაძრის მიწისქვეშა ნაწილში 5 ეკლესიაა, ხოლო მიწისზედაში - 4. ტაძრის არქიტექტურა ძველი ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრებისა და თანამედროვე გადაწყვეტის შერწყმას წარმოადგენს.
„სურბ ეჯმიაწინ“ (წმ. სერგოს ეკლესია)
ეკლესია (თბილისი - თბილისი)
სომხური ეკლესია თბილისში, ავლაბარში, ქეთევან წამებულის მოედნის დასავლეთით. 1804–1808 წლებში ავლაბარში დასახლებულმა, ეჩმიაძინიდან ლტოლვილმა სომხებმა აქ პატარა დარბაზული ეკლესია ააშენეს. 1846 წელს ის გაფართოვდა და „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის ეკლესიად გადაკეთდა. ეკლესიის აღმოსავლეთ სკვერში დგას ქვაჯვარი, რომელიც სომეხმა ერმა მიუძღვნა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. 2009 წელს ამ ეკლესიას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.
Комментариев нет:
Отправить комментарий